„მარტივი ლოგიკის“ მობილური აპლიკაციის საპრიზო გათამაშების გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ [ფოტო/ვიდეო]

„მარტივი ლოგიკის“ მობილური აპლიკაციის საპრიზო გათამაშების გამარჯვებულები, დღეს პირველმა არხმა, საზეიმოდ დააჯილდოვა.

მოგებული თანხა ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი – ლუკა ტიკაძე, 2000 ლარი; მეორე ადგილი – ბექა კაცაძე, 1000 ლარი; მესამე ადგილი – ნათია გოგოლაძე, 500 ლარი; მეოთხე ადგილი – არსენ დადვანი, 400 ლარი; მეხუთე ადგილი – ნინო ჩუბინიძე, 300 ლარი; მეექვსე ადგილი – ალექსანდრე შელია, 250 ლარი; მეშვიდე ადგილი – მამუკა გოგუაძე, 200 ლარი; მერვე ადგილი – ნინო ლომიძე, 150 ლარი; მეცხრე ადგილი – დარეჯან ფერაძე, 100 ლარი; მეათე ადგილი – გიორგი ბულისკერია, 100 ლარი.

გამარჯვებულებს მოგებული თანხა პროექტის წამყვანმა ირაკლი კაკაბაძემ გადასცა.

პირველი არხის პოპულარული გასართობი, აზარტული პროექტის „მარტივი ლოგიკის“ მობილური აპლიკაციის საპრიზო გათამაშებამ სტარტი 1-ელ აგვისტოს, 20.00 საათზე აიღო. 5 ათასი ლარის მოგებას 20 ათასზე მეტი მომხმარებელი შეეცადა. დარეგისტრირებულ მოთამაშეებს სწორი პასუხი 100 კითხვაზე უნდა გაეცათ. მათ შორის საუკეთესოები ათეულში მოხვდნენ და საპრიზო ადგილები გაინაწილეს.

„არასოდეს მიმიღია მონაწილეობა გათამაშებებში, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და დღეს სიტყვები არ მყოფნის, დაუჯერებელია, პირველ ადგილზე გავედი. ძალიან საინტერესო აზარტული თამაში იყო. ისე გამიტაცა, თამაშისას ვერც იმას მივხვდი, რამდენ ხანში დავხურე ტური. შედეგად 22 წუთი და 53 წამი დამჭირვებია. დიდი მადლობა პირველ არხს და გადაცემის მთელ გუნდს“, – განაცხადა გამარჯვებულმა ლუკა ტიკაძემ.