„მარტივი ლოგიკა“ - გეიმ შოუ გარკვეულწილად ცოდნაზე, მაგრამ უფრო ლოგიკაზეა დაფუძნებული
„მარტივი ლოგიკა“ - გეიმ შოუ გარკვეულწილად ცოდნაზე, მაგრამ უფრო ლოგიკაზეა დაფუძნებული

გადაცემა „მარტივი ლოგიკა“ არის გეიმ შოუ, უკვე პირველი ორი გადაცემა ჩავწერეთ, რომელიც იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ რაღაც მომენტში მეგონა, მეც ვთამაშობდი და მერე ყურში მიკარნახეს, რომ წამყვანი ვიყავი, – ამის შესახებ გადაცემა “მარტივი ლოგიკის” წამყვანმა, ირაკლი კაკაბაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, თამაში გარკვეულწილად, ცოდნაზე, მაგრამ უფრო ლოგიკაზეა აგებული.

„ეკრანზე მოცემულია ორი შინაარსით და ყველაფრით განსხვავებული ფოტო. მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე მოცემულია ვან გოგი, მეორეზე ტაისონი და თქვენ ამ ორ ფოტოს შორის მარტივი ლოგიკა უნდა იპოვოთ. ამ შემთხვევაში, პასუხი არის ყური. რა თქმა უნდა, კავშირი სხვანაირი ლოგიკითაც შეიძლება იყოს“, – განაცხადა კაკაბაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ტურების მიხედვით კითხვები რთულდება. არის ასევე დახმარებები, ბანკროტი, გაორმაგება და ა.შ.

„არის სამი დახმარება, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, პასუხის მოცემულ გრაფებში აირჩიოთ და ნებისმიერი ასობგერა გახსნათ. არის ასევე დროის გაჩერება, რადგან თითო რაუნდი სამი წუთის განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა კაკაბაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის შეუძლია გადაცემაში მონაწილეობის მიღება, ირაკლი კაკაბაძემ თქვა, რომ ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც დარეგისტრირდება გადაცემის „ფეისბუქ“ გვერდზე – „მარტივი ლოგიკა“.

„მონაწილეების მოსვლა წყვილებად ხდება, რადგან ერთი ადამიანი ვერ თამაშობს. მოკლედ, ერთმა ადამიანმა უნდა იაქტიუროს და მეგობარს წამოყოლა სთხოვოს“, – განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

როგორც “მარტივი ლოგიკის” წამყვანმა აღნიშნა, გადაცემა პირველი არხის ეთერში ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, 20:00 საათზე გავა.