პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე იმართება
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ღია კარის დღეს უმასპინძლებს.
საქართველოს საგარეო უწყებას თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვევიან. ღია კარის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გახსნის სპეციალურ ინსტალაციას 100, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით შენობის მთავარ შესასვლელში განთავსდება.
„ღია კარის დღეების მიზანი სკოლის მოსწავლეებში პროფესია დიპლომატის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა სტუმრებს გააცნობენ სამინისტროს საქმიანობას და ქართული დიპლომატიის ისტორიას.
აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სამინისტრო ღია კარის დღეს რამდენჯერმე უმასპინძლებს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი 26 მაისამდე გაიმართება არაერთი შემეცნებითი ღონისძიება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.