პირველი არხის თანამშრომლის, იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნი „თავისუფლება ფერთა ხვედრია“ ოსურ ენაზე ითარგმნა
პირველი არხის თანამშრომლის, იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნი „თავისუფლება ფერთა ხვედრია“ ოსურ ენაზე ითარგმნა

საქართველოს პირველი არხის თანამშრომლის, იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნი „თავისუფლება ფერთა ხვედრია“ ოსურ ენაზე ითარგმნა.

საბავშვო წიგნების სერიაში – „ბავშვობის თანამგზავრები“ ილუსტრატორის მიერ ორი წიგნია გაფორმებული – „სიხარულის ჯაჭვი“ და „თავისუფლება ფერთა ხვედრია“.

წიგნი, რომლის ავტორია მანანა კარტოზია, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა „სეზანმა“ გამოსცა. მთარგმნელი – რაზიათ ქუმარიტოვა, გამოცემის რედაქტორი – ნაირა ბეპიევა.

წიგნების ილუსტრატორის, იზა ნადარეიშვილის თქმით, ყველაზე ღირსეული შემფასებლები ბავშვები არიან და სწორედ მათ სამსჯავროზე მოხვდება მის მიერ ილუსტრირებული წიგნები.

„გავაფორმე ორი წიგნი – „სიხარულის ჯაჭვი“ და „თავისუფლება ფერთა ხვედრია“. საბავშვო ლიტერატურასთან შეხება ურთულესია. მანანა კარტოზიას დახმარებით გავბედე, შედეგიც ასეთია. ძალიან დიდი სიფრთხილითა და ოპტიმიზმით შევყურებ, განვიცდი. საოცარი გამოწვევის წინაშე დავდექი. ქსოვილების, ფერებისა და ფაქტურების თამაშით შევეცადე, ბავშვებისთვის გამეფერადებინა წიგნი. ძალიან საინტერესო იყო ამაზე მუშაობა. ვფიქრობ, შედეგი სახეზეა და გავიტანთ ბავშვების სამსჯავროზე. ყველაზე ღირსეული შემფასებლები არიან ბავშვები და მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა“, – განაცხადა იზა ნადარეიშვილმა.

წიგნის ავტორის, მანანა კარტოზიას განცხადებით, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „სეზანში“ ოსურ ენაზე დაიბეჭდა წიგნი „თავისუფლება ფერთა ხვედრია“.

„ამ დღეებმა დამამუნჯა, მაგრამ საქმე გამოგვაფხიზლებს ხოლმე, „სეზანში“ დაიბეჭდა ჩემი და იზა ნადარეიშვილის საბავშვო წიგნი: „თავისუფლება ფერთა ხვედრია“ ოსურ ენაზე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მადლობა ტექსტის მთარგმნელს, რაზიათ ქუმარიტოვას და გამოცემის რედაქტორს, ქალბატონ ნაირა ბეპიევას. წიგნის ტირაჟი მცირეა, მაგრამ, არტრედაქტორის, ბესო დანელიას დახმარებით, მან უკვე იპოვა პირველი მკითხველი, რომელმაც ალალი ცრემლით დაულოცა გზა მავთულხლართებიანი საზღვრებისაკენ“, – აცხადებს მანანა კარტოზია.

საბავშვო წიგნების სერია – „ბავშვობის თანამგზავრები“ ქართულ ენაზე 2021 წელს გამოიცა. სერიის მეორე წიგნი „სიხარულის ჯაჭვი“ ქართულ-რუსულად, ასევე ქართულ-გერმანულად არის გამოცემული.