საქართველოს პირველი არხის შენობაში მაუწყებლის თანამშრომლის, იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს პირველი არხის შენობაში მაუწყებლის თანამშრომლის, იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პირველი არხის შენობაში მაუწყებლის თანამშრომლის, იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

საბავშვო წიგნების სერიაში „ბავშვობის თანამგზავრები“ ილუსტრატორის მიერ ორი წიგნია გაფორმებული – „სიხარულის ჯაჭვი“ და „თავისუფლება ფერთა ხვედრია“.

წიგნები, გამომცემლობა „სეზანმა“ გამოსცა.

პრეზენტაციის პარალელურად, გამომცემლობის მიერ სხვადასხვა გამოცემების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ასევე, პრეზენტაციაზე სერიიდან „ბავშვობის თანამგზავრები“ 100 წიგნი გათამაშდა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სასიხარულო ფაქტია, რომ სწორედ მისმა თანამშრომელმა შექმნა საბავშვო წიგნების ილუსტრაციები.

„მიუხედავად იმისა, რომ ციფრულმა სამყარომ თითქოს გადაყლაპა ყველაფერი, მაინც ვცდილობთ, სიტყვას, წიგნს დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ და ხელი შევუწყოთ ამ ინდუსტრიის განვითარებას. საბავშვო ლიტერატურას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მომავალი თაობის აღზრდას და სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ემსახურება. დღევანდელი დღე ფერადი, ლამაზი გამოგვივიდა, რადგან ჩვენი თანამშრომელი არის რამდენიმე წიგნის ილუსტრატორი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

წიგნების ილუსტრატორის, იზა ნადარეიშვილის თქმით, ყველაზე ღირსეული შემფასებლები ბავშვები არიან და სწორედ მათ სამსჯავროზე მოხვდება მის მიერ ილუსტრირებული წიგნები.

„გავაფორმე ორი წიგნი „სიხარულის ჯაჭვი“ და „თავისუფლება ფერთა ხვედრია“. საოცარი გამოწვევის წინაშე დავდექი. ქსოვილების, ფერების და ფაქტურების თამაშით შევეცადე, ბავშვებისთვის გამეფერადებინა წიგნი. ძალიან საინტერესო იყო ამაზე მუშაობა. ვფიქრობ, შედეგი სახეზეა და გავიტანთ ბავშვების სამსჯავროზე. ყველაზე ღირსეული შემფასებლები არიან ბავშვები და მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა“, – განაცხადა იზა ნადარეიშვილმა.