პირველი არხის ჟურნალისტს ვაშინგტონში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის პრეზენტაციისას კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, დღეს ვაშინგტონში, „მარშალის ფონდში“ გაიმართა. პრეზენტაციაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, კითხვის დასმა სურდა პირველი არხის ჟურნალისტ სალომე ქოქიაშვილსაც, თუმცა მოდერატორმა ამის საშუალება არ მისცა და ჟურნალისტს უთხრა, რომ კითხვები „ფრიდომ ჰაუსისთვის“ პრეზენტაციის შემდეგ დაესვა. ჟურნალისტს განუცხადეს, რომ რადგან საქართველოდან უკვე იყო დასმული შეკითხვა შესაბამისად, მას კითხვის დასმის საშუალებას ვეღარ მისცემდნენ.
რაც შეეხება საქართველოდან დასმულ შეკითხვას, პრეზენტაციაზე კითხვა დასვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა მკვლევარმა, რომელიც დაინტერესდა იმ შესწორებით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხთან დაკავშირებით „ფრიდომ ჰაუსმა“ გააკეთა.
„რამდენადაც ვიცი ანგარიშში იყო ფაქტობრივი შეცდომა. ერთ-ერთმა ქართულმა ტელევიზიამ გამოგიგზავნათ ღია წერილი ამ შეცდომის მითითებით. როგორც ვიცი, ანგარიშში შესწორება შეიტანეთ. ამ საკითხზე უფრო ვრცლად ხომ ვერ გვეტყოდით?
მეორე კითხვა საქართველოს ოფიციალური პირების გამოხმაურებასთან დაკავშირებით მაქვს. მათ მიკერძოებაში დაგადანაშაულეს და ანგარიშის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს. როგორია თქვენი პასუხი?“.
ქართველი მკვლევარის შეკითხვას „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორმა ნეიტ შენკანმა უპასუხა:
„რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დახურვას, ეს ქულების შესაცვლელად მიზეზი არ არის. ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ ის არასწორი ინფორმაცია იყო, გადავამოწმეთ ფაქტები და ანალიზი, ის არასწორი აღმოჩნდა. განვაახლეთ ინფორმაცია. მონაცემი ეყრდნობოდა ძველ ანგარიშს, რომელშიც დახურვა იყო გათვალისწინებული, თუმცა არ განხორციელდა, შემცირდა პროგრამები, გამჭვირვალობის მიზნით ჩვენ შესწორება შევიტანეთ.
რაც შეეხება საქართველოს ოფიციალური პირების გამოხმაურებებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაინტერესებულია. როდესაც, სახელმწიფო მოხელეს ადარდებს ინტერესდება ამ ანგარიშებით. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია ანგარიშით, მისი შედეგებით, დაინტერესებულია, თუ რას ამბობს „ფრიდომ ჰაუსი“.
საქართველოს მთავრობა ამ ანგარიშებს ყოველწლიურად აღიარებს, ჩვენ 4 სხვადასხვა ყოველწლიურ ანგარიშს ვამზადებთ, ჩვენ მიუკერძოებლები ვართ, რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ პირის მიმართ“.
პირველი არხის ჟურნალისტმა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორს კითხვები პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დაუსვა. სალომე ქოქიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხთან დაკავშირებით გამოსწორებული ფაქტობრივი შეცდომის შესახებ ჰკითხა, ასევე დაინტერესდა გასწორდება თუ არა ტექსტში ის ნაწილი, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გააპროტესტა.
„მეორე არხთან დაკავშირებით ფაქტობრივი შეცდომა გაასწორეთ, თუმცა ტექსტში კიდევ რჩება სხვა სადავო საკითხები, მათ შორის შეცდომა, რომელზეც ტელეკომპანია „იმედი“ მიანიშნებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტელეკომპანია 2012 წლამდე მაშინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდა და 2012 წლის შემდეგ შეცვალა პოლიტიკა, გასწორდება თუ არა ეს ნაწილიც. რადგან ამდენი შენიშვნაა, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ საქართველოდან თქვენი წყაროების მიერ მოწოდებული შენიშვნები 100%-ით სწორია?“,- აღნიშნა პირველი არხის ჟურნალისტმა.
კითხვის საპასუხოდ ნეიტ შენკანმა აღნიშნა:
„ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა შეიცვალა, რაც ჩვენ ავსახეთ ჩვენს ანგარიშში, რადგან ეს ფაქტი იწვევს შეშფოთებას ობიექტურობასთან დაკავშირებით და პოლიტიკური გავლენების პოტენციურ ზრდას იწვევს. ეს დამახასიათებელია იმ ქვეყნების მაუწყებლებისთვის, სადაც პარლამენტში ერთი დომინანტი პარტიაა და თქვენ პარლამენტში გყავთ ერთი დომინანტი უმრავლესობა ერთი პარტიის სახით. შესაბამისად, იზრდება საფრთხე საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ესეც ასახულია ანგარიშში, რაც შეეხება იმედს, ასევე შემაშფოთებელია მფლობელის შეცვლა, ესეც ავსახეთ ჩვენს ანგარიშში, რადგან გვაწუხებს ფაქტი, რომ ამან შესაძლოა საქართველოს საზოგადოებრივ და მედია გარემოზე გავლენა და პოლიტიზირება მოახდინოს“.
პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა საქართველოდან მიწოდებული ფაქტების გადამოწმების მექანიზმი, ანგარიშის ავტორმა უპასუხა:
„ჩვენ გვყავს მკვლევარები და ანალიტიკოსები, მათ შორის ქართველები, რომლებსაც ვენდობით და გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი მრჩევლები, ვისთანაც ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ ანგარიშის სიზუსტეში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა და ჩაასწორა.
ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ დახურა მეორე არხი, რომელიც პარლამენტის სხდომებს გადასცემდა. „აღნიშნული ანგარიშის წინა ვერსიაში არასწორად იყო ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დაიხურა. არხი ამ დრომდე ოპერირებს, თუმცა მისი კონტენტი შემცირებულია“, – აღნიშნულია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის შესწორებაში, რომელიც ანგარიშს ერთვის.
ამასთან, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2017 წელს მედიის დამოუკიდებლობის კუთხით არსებული ვითარება იმავე ქულებით არის შეფასებული, როგორც 2009, 2010, 2011, 2012 წლებში. ორგანიზაციის შეფასებით, შედარებით გაუმჯობესებული იყო მედიაგარემო 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში. ამ დროს საქართველოს რეიტინგში 4,00 ქულა აქვს მინიჭებული.