„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა და 100-დან 76 ქულით შეფასდა
„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა და 100-დან 76 ქულით შეფასდა

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა. ყოველწლიურ კვლევაში მსოფლიოს 65 ქვეყანაა მიმოხილული. ინტერნეტის თავისუფლება საქართვლოში უმაღლესი, 100 ქულიდან 76 ქულით ფასდება.

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგით საქართველოს უსწრებენ მხოლოდ ისლანდია (95 ქულა), ესტონეთი (94 ქულა), კანადა (87 ქულა), გერმანია (80 ქულა), დიდი ბრიტანეთი (78 ქულა), საფრანგეთი (77 ქულა). ამასთან, საქარველოს მსგავსად, 76 ქულა აქვს მინიჭებული ავსტრალიას, აშშ-სა და იტალიას.

ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 25 ქულიდან 19-ით არის შეფასებული, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვების კუთხით ქვეყანას 35-დან 31 ქულა აქვს მინიჭებული, ხოლო მომხარებელთა უფლებების დარღვევების კრიტერიუმით საქართველო მაქსიმალური, 40 ქულიდან 26-ით არის შეფასებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ციფრული თავისუფლება ზოგადად დაცულია, თუმცა მიმოხილულ პერიოდში შეინიშნებოდა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც კიბერთავდასხმების მზარდ რაოდენობასთან და საშინაო კონტენტით მანიპულაციასთან არის დაკავშირებული. ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტზე წვდომა ზრდას განაგრძობს, ინტერნეტის ინფრასტრუქტურის გაფართოებისკენ მიმართული მთავრობის ძალისხმევა შეჩერდა.

„საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები და ქვეყნის დემოკრატიულმა ტრაექტორიამ აჩვენა გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლებში, მთავრობის შეცვლის პერიოდში. თუმცა, ბოლო წლებში პროგრესი შეჩერდა“, – ნათქვამია კვლევაში.

„ფრიდომ ჰაუსში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ანგარიში არ მოიცავს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს.

რაც შეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი (35 ქულა) და აზერბაიჯანი (38 ქულა) ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით არათავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდნენ, სომხეთი (75 ქულა) კი თავისუფალ ქვეყნად დასახელდა.

„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველოს ასევე მაღალი, 75 ქულა ჰქონდა და ლიდერ ქვეყნებს შორის იყო.