პირველად ისტორიაში, ასტროფიზიკოსებმა პლანეტები სხვა გალაქტიკაში დააფიქსირეს. ზოგიერთი მათგანი ძალიან პატარაა, მთვარის მასის, ზოგის მასა კი იუპიტერისას უტოლდება.
იქიდან გამომდინარე, თუ როგორი რთულია ეგზოპლანეტების პოვნა ჩვენს გალაქტიკაშიც კი, ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია. ოკლაჰომის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს გრავიტაციული მიკროლინზირების ჭკვიანურად გამოყენების წყალობით შესძლეს.
ეს მეთოდი, რომელიც პირველად აინშტაინმა იწინასწარმეტყველა ფარდობითობის ზოგად თეორიაში, აქტიურად გამოიყენება ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად ირმის ნახტომში და ამავე დროს, წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ გზას ყველაზე პატარა და შორეული, დედამიწიდან ათაოსბით სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტების საპოვნელად.
როდესაც ვარსკვლავის გარშემო პლანეტა მოძრაობს, სისტემის გრავიტაციულ ველს შეუძლია გაამრუდოს მის უკან მდებარე შორეული ვარსკვლავის სინათლე.
ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, როცა საქმე მხოლოდ ორ ვარსკვლავს ეხება, მაგრამ როცა პროცესში ჩართულია პლანეტაც, ჩვენამდე მოღწეულ სინათლეში იგი წარმოქმნის დამატებით აშლილობას — პლანეტის არსებობის კარგად შეცნობად ხელწერას.
სხვათა შორის, ამ მეთოდის გამოყენებით, ირმის ნახტომში უკვე აღმოჩენილია 53 ეგზოპლანეტა. იმისათვის, რათა პლანეტები გალაქტიკის მიღმაც ვიპოვოთ, საჭიროა რაღაც უფრო მძლავრი, ვიდრე მხოლოდ ერთი ვარსკვლავია.
ოკლაჰომის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, სინიუ დაიმ და ედუარდო გერასმა შეისწავლეს 6 მილიარდი წინათლის წლის მანძილზე მდებარე კვაზარი, სახელად RX J1131-1231 — ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გრავიტაციულად ლინზირებადი კვაზარი ცაზე.
ჩვენსა და ამ კვაზარს შორის, 3,8 მილიარდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის გრავიტაციული ველი სინათლეს ისე ამრუდებს, რომ წარმოქმნის კვაზარის ოთხ ხედს. ეს კვაზარი აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელია, რომელიც მის აკრეციულ დისკოში არსებული ინტენსიური სიცხის წყალობით, უკიდურესად კაშკაშებს რენტგენულ დიაპაზონში.
NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კვაზარის სინათლეში შეინიშნებოდა ენერგიის წანაცვლების განსაკუთრებული ხაზი, რისი ერთადერთი ახსნაც იყო პლანეტების არსებობა იმ გალაქტიკაში, რომელიც კვაზარის სინათლის გრავიტაციულ ლინზირებას ახდენს.
როგორც ჩანს, საქმე ეხება ამ გალაქტიკის ვარსკვლავებს შორის მიმოფანტულ დაახლოებით 2000 პლანეტას, რომელთა მასებიც მთვარისა და იუპიტერის მასებს შორის მერყეობს.
„აღმოჩენით ძალიან აღფრთოვანებული ვართ. ეს გახლავთ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმემ, პლანეტები ჩვენი გალაქტიკის მიღმა აღმოაჩინა“, — ამბობს მკვლევარი სინიუ დაი.
რა თქმა უნდა, ეს პლანეტები პირდაპირ არ გვიხილავს და ამას ალბათ ვერც ვერავინ მოვესწრებით ჩვენს სიცოცხლეში. მაგრამ მათი თუნდაც უბრალოდ დაფიქსირება, წარმოადგენს მიკროლინზირების სიმძლავრის გასაოცარ დადასტურებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხელში ჩაგვივარდა სხვა გალაქტიკებში პლანეტების არსებობის პირველი მტკიცებულება.
რა თქმა უნდა, საღი აზრი მკვლევრებს აქამდეც აფიქრებინებდა, რომ პლანეტები ჩვენი გალაქტიკის მიღმაც უნდა არსებობდეს, მაგრამ მტკიცებულება ყოველთვის გადამწყვეტია.
„ეს გახლავთ მაგალითი იმისა, თუ რამდენად მძლავრი მეთოდი შეიძლება იყოს ექსტრაგალაქტიკური მიკროლინზირების ანალიზი“, — ამბობს მკვლევარი ედუარდო გერასი.
„ეს გალაქტიკა მდებარეობს ჩვენგან 3,8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე და სამწუხაროდ, არ არსებობს ამ პლანეტებზე პირდაპირი დაკვირვების უმნიშვნელო შანსიც კი, თუნდაც იმ საუკეთესო ტელესკოპებით, რომელთა წარმოსახვა სამეცნიერო ფანტასტიკის სცენარისტებს შეუძლიათ“.
„მიუხედავად ამისა, შეგვიძლია მათი შესწავლა, მათი არსებობის დადასტურება და გვაქვს გარკვეული წარმოდგენა მათი მასების შესახებაც კი. მეცნიერება განსაცვიფრებელია“.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით