პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსის ნიშნები აღარ აქვს და სავარაუდოდ მალე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსის ნიშნები აღარ აქვს და სავარაუდოდ მალე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან.
მისივე ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 69 პაციენტი რჩება, მათგან „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულია 15 პირი.
როგორც ტურძელაძემ აღნიშნა, ორი პაციენტი არის სტაბილურად მძიმე და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.
„რეანიმაციაში აპარატულ სუნთქვაზე ორი პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია და იმედი გვაქვს, მალე იქნება უკეთესობა. სამივე ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი თავს უკეთ გრძნობს. რაც შეეხება მეთხუთმეტე პაციენტს, რომელიც ბოლნისიდანაა ჩამოყვანილი, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, მისი მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა ჯერ პალატაშია და არ არის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში“,- განაცხადა ტურძელაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი, მათგან ორი ბავშვია. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირია.