პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა - კლინიკაში მედიას უმასპინძლეს [ფოტო]
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა - კლინიკაში მედიას უმასპინძლეს [ფოტო]

დღეიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება. კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა მედიის წარმომადგენლებს განახლებული საავადმყოფო დაათვალიერებინა.

მისი განცხადებით, კლინიკას ბოლო თვე-ნახევარია აღარ ჰყავს კოვიდინფიცირებული პაციენტი და ამიტომ, უბრუნდება პაციენტების მიღებას განახლებული აპარატურით, სამკურნალო და სასწავლო ნაწილით. საუნივერსიტეტო კლინიკაში 20-მდე კლინიკური მიმართულება ფუნქციონირებს და 187 საწოლზეა გათვლილი.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კლინიკა განსხვავებულია, გახლავართ ცოდნის გამცემებიც და მიმღებებიც. ამიტომ, მეამაყება, რომ ამ კედლებში ვმუშაობ. ბოლოს ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მძლავრი და შეიძლება ითქვას, ერთადერთიც კი, მძლავრი ცენტრი კოვიდთან ბრძოლაში, ყველაზე მძიმე პაციენტები აქ შემოჰყავდათ.

ბოლო თვე-ნახევარია, არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყოლია. კოვიდთან ბრძოლის შემდეგ, ინფრასტრუქტურულად განახლდა კლინიკის სამკურნალო და ასევე, სასწავლო ნაწილიც. კლინიკამ აღიდგინა თავისი ფუნქცია, ისევ იღებს და ემსახურება პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში. ყველა კლინიკისგან გასხვავებით, ჩვენი კლინიკა იღებს ყველაზე მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო პაციენტებს, ვინაიდან ამ კლინიკაში მუშაობს ის მედპერსონალი, რომელიც დასაბამს და განათლებას აძლევს ქართულ მედიცინას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.