პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა

პროკურატურის შუამდგომლობის თანახმად, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულის, ზაალ ლატარიას საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა.

პროცესზე, რომელზეც ზაალ ლატარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავენ, სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ საქმეშია პირადი ცხოვრების ამსახველი მტკიცებულებები, რაზეც საჯაროდ ყურადღების გამახვილება კანონდარღვევა იქნება.

დაცვის მხარე პროკურატურის ამ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა.

ადვოკატმა განმარტა, რომ პირველ სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, მხარეები მტკიცებულებების განხილვაში არ შევლენ, შესაბამისად, ვახტანგ იაშვილმა მხარი არ დაუჭირა ამ პოზიციას. მან აღნიშნა, რომ ლატარია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაესწროს საქმის განხილვას.

პროცესის დახურვა დარბაზში მყოფებმა გააპროტესტეს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.