„პიქსელის“ შენობასთან ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ცხრაწლიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი დაადგინა თბილისში, სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობის წინ, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დილის საათებში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა შ.ტ.-მ, „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს თ. ტ.-ს, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში. ქალს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი, თუმცა მიუთითა რომ ქმედების ჩადენისას იყო აფექტურ მდგომარეობაში.
მათვე ინფორმაციით, არსებითი განხილვის სხდომებზე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კერძოდ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქმედების განხორციელებისას ბრალდებული არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ასევე სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არ დადასტურდა ბრალდებულის შეურაცხადობა, ქმედების ჩადენის დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ და მოძალადე ქმარს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.