პიერ მოტე - მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი არის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა
მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი არის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა, – ამის შესახებ IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ ქუთაისში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.
პიერ მოტე აცხადებს, რომ ადრონული თერაპია არის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით, როგორც ფიზიკაში, მედიცინაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და იქნება უნიკალური შესაძლებლობა.
„უკვე რამდენიმე დღეა, აქ ვარ და შემიძლია, მეგობრები ვუწოდო ამ ადამიანებს, გაცილებით ბევრი არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ერთად, შემდგომი რამოდენიმე წლის განმავლობაში. დიდი მადლობა ფონდს, რომ მოგვცა საშუალება, შევერთებოდით ამ ახალი ტექნოლოგიური ცენტრის განვითარებას ქუთაისში. რაც შეეხება ტექნოლოგიას, ეს არის ადრონული თერაპია, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით, როგორც ფიზიკაში, მედიცინაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც წლებია, ვიცნობთ და ვისთან ერთადაც ვმუშაობთ ამ ტექნოლოგიაზე ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტში.
ძალიან მოხარული ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროექტში, წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში და ყველაზე დიდი მიზანი, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პაციენტების, ბავშვების მკურნალობა, რომელთაც კიბო აქვთ. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვართ აქ და ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, დღეს ჩემი ვაჟის დაბადების დღეა და სამუდამოდ დავიმახსოვრებ ამ დღეს, არა მხოლოდ, როგორც საფუძვლის ჩაყრის დღეს, არამედ იმ დღეს, როდესაც ძალიან დიდი წარმატება ვუსურვე არა მარტო ჩემს თავს, არამედ მთელს გუნდს“, – განაცხადა პიერ მოტემ.
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.