პეტრო პოროშენკომ მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა
პეტრო პოროშენკომ მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე მოქმედმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ვიცი, რამდენი პრეტენზია გაქვთ ჩემს მიმართ. ვიცი, რა რთულია თითოეული თქვენგანისთვის ჩემი შეცდომების პატიება და ჩემი კიდევ ერთხელ ნდობა. ეს ჩემი ბრალია. დიახ, მე იდეალური არ ვარ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხაზი გადავუსვათ ყველა მიღწევას და უარი ვთქვათ ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, ის პრორუსული ძალებისგან რევანშის საფრთხეს ხედავს.

„ქვეყანა დღეს გზაჯვარედინზეა. ჩვენ ან თავდაჯერებულად ვაგრძელებთ მოძრაობას ევროკავშირსა და ნატო-ში ან დგება რევანში. ეს არ იქნება მკვეთრი მოხვევა. ეს თავდაპირველად იქნება ნაკლებად შესამჩნევი, მცოცავი, თუმცა თავდაჯერებული დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში“, -აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს იმ მოქალაქეების არჩევანს, რომლებმაც მის ოპონენტს დაუჭირეს მხარი. მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის პოლიტიკური ელიტის განახლების ძლიერი მოთხოვნა, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება.

პოროშენკოს აზრით, უკრაინას სჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ვლადიმერ პუტინს.

„მე მივიღებ თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან ხალხის ნება ყველაფერზე მაღლა დგას! თუმცა, როდესაც მიხვალთ საარჩევნო უბანზე, არ იფიქროთ ზელენსკიზეპოროშენკოზეც არ იფიქროთ. იფიქრეთ უკრაინაზე და იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ის“, – დასძინა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.