პეტრო პოროშენკო ვლადიმირ ზელენსკის დებატებში ოლიმპიურ სტადიონზე 14 აპრილს იწვევს.
„14 აპრილს, მომდევნო კვირას, ვიწვევ მას დებატებში. ვფიქრობ, 19:00 ან 20:00 საათი ოპტიმალური დრო იქნება. ვიწვევ ყველა ტელეკომპანიას, რომ დებატები გაიმართოს იმავე ადგილზე და იმავე დროს, როგორც ზელენსკის სურდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებისთვის სტადიონი საუკეთესო ადგილი არ არის“, – აღნიშნა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ტელეკომპანია „უკრაინა“-სთან ინტერვიუში.
პოროშენკოს განცხადებამდე, მოსალოდნელი იყო, რომ კანდიდატებს შორის დებატები მეორე ტურის წინ, 19 აპრილს გაიმართებოდა. პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ახლა უკრაინელების წინაშე არის არჩევანი, გააგრძელონ გზა ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ ან შემობრუნდნენ რუსეთისკენ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე ვლადიმირ ზელენსკი, მეორეზე კი პეტრო პოროშენკო გავიდა.