პეტრო პოროშენკო უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების საკონსულტაციო კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდა
პეტრო პოროშენკო ვარშავასთან დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების საკონსულტაციო კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„უკრაინის მისამართით პოლონეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან რეზონანსული განცხადებები, რომლებიც ბოლო დროს ისმის, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება“, – ნათქვამია ცეგოლკოს განცხადებაში.
საკონსულტაციო კომიტეტს საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტების მრჩევლები ხელმძღვანელობენ.
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ლვოვში ვიზიტის დროს უარი თქვა ოკუპაციური რეჟიმების მსხვერპლთა მუზეუმის მონახულებაზე. თავისი გადაწყვეტილება მან იმით განმარტა, რომ მუზეუმის დირექცია მიიჩნევს, რომ 1918 წელს პოლონეთმა დასავლეთ უკრაინის ოკუპაცია მოახდინა.
მოგვიანებით, პოლონურ მედიასთან ინტერვიუში, მინისტრმა განაცხადა, რომ კიევისგან პოლონეთ-უკრაინის ისტორიული წარსულის საკითხებში შერიგებისკენ რეალური ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
ამას გარდა, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, არ დაუშვან, რომ ქვეყანაში მაღალი თანამდებობები დაიკავონ პირებმა, რომლებსაც ანტიპოლონური შეხედულებები აქვთ.
უკრაინაში პოლონეთის ვიცეკონსულმა მარეკ ზაპურმა როვნოში გამართულ დისკუსიის დროს ლვოვს პოლონური ქალაქი უწოდა.