პეტრო პოროშენკო - რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორად ევროკავშირი იქცა
პეტრო პოროშენკო - რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორად ევროკავშირი იქცა

უკრაინამ ბოლო წლებში ისეთი რეფორმების გატარება შეძლო, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ გაუტარებია, ეს მოხდა თქვენი დახმარებით და უკრაინელი ხალხის სურვილით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, ამ რეფორმების გატარება უკრაინამ რუსეთის აგრესიის ფონზე შეძლო.

მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად ევროკავშირი იქცა.

„უღრმესი მადლობა მასპინძლობისთვის, ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თქვენთან ერთად ამ საიუბილეო სამიტზე. ეს პირველი სამიტია მას შემდეგ, რაც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა. ეს არის ბოლო სამიტი უკრაინაში დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომლის გავლაც ამ წლებში მოვახერხეთ. ჩვენ შეუძლებელი შევძელით. უღრმესი მადლობა თქვენ. თქვენი მუშაობით, დახმარებით და ძალისხმევით მიღწეული შედეგებით ვამაყობთ. თქვენი უდიდესი წვლილის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. უკრაინამ ბოლო წლებში ისეთი რეფორმების გატარება შეძლო, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ გაუტარებია. ეს მოხდა თქვენი დახმარებით და უკრაინელი ხალხის სურვილით. ამ რეფორმების გატარება რუსეთის აგრესიის ფონზე შევძელით. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად ევროკავშირი იქცა“,- განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტი მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და სექტორული სანქციები ექვსი თვით გახანგრძლივდა.

„მინდა მივესალმო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და სექტორული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის აგრესიული ნაბიჯებით, მილიტარიზაციით და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული საგანგაშო ვითარებით“,- განაცხადა პოროშენკომ.