დანა ვაიტი ადასტურებს, რომ ქვემსუბუქი (bantamweight) წონის ჩემპიონი პეტრ იანი მომდევნო სატიტულო ბრძოლას ალჯამეინ სტერლინგის წინააღმდეგ გამართავს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი მებრძოლი და მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალჯამეინ სტერლინგი დიდი ხანია, ელოდება შანსს რომ ტიტულზე იბრძოლოს. ხანგრძლივი ლოდინი ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა არაერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ჩემპიონ პეტრ იანს ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ახლო გუნდის, „სერა ლონგოს” წევრი ალჯამეინ სტერლინგი დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ პეტრ იანმა ჩემპიონის ქამარი ჟოზე ალდოს დამარცხებით მოიპოვა. რაც შეეხება „ალჯოს“, წარმოშობით იამაიკელმა მებრძოლმა ივნისში კორი სანდჰაგენს მომგუდველი ილეთით მოუგო და ამით სერიოზული განაცხადი გააკეთა. მანამდე სტერლინგმა ჯიმი რივერასა და პედრო მუნიოზს მოუგო.