პერუს უდაბნოში ყველა დროის ყველაზე დიდი ცხოველის ნამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პერუს უდაბნოში ყველა დროის ყველაზე დიდი ცხოველის ნამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

39 მილიონი წლის წინანდელი ერთი არსების ძვლები სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენას ხერხემლიანთა შესაძლო ზომების შესახებ.

ლურჯი ვეშაპი (Balaenoptera musculus) დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა დედამიწის ყველა დროის ყველაზე დიდ ცხოველად. თუმცა, ახლად აღმოჩენილმა Perucetus colossus-მა მას ეს სტატუსი შეიძლება წაართვას.

როგორც მისი ძვლების გაზომვები მიუთითებს, მისი ჩონჩხი 2-3-ჯერ მძიმე უნდა ყოფილიყო, ვიდრე ლურჯი ვეშაპისა.

„P. colossus-ის სხეულის მასის შესაფასებლად, ჩონჩხის ნაწილი გამოვიყენეთ, რაც მას ჩვენთვის ცნობილი უმძიმესი ცხოველის პრეტენდენტად წარმოაჩენს. ვეშაპისებრთა სხეულის მაქსიმალური მასა იმაზე 30 მილიონი წლით ადრე იყო მიღწეული, ვიდრე გვეგონა“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც პიზის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ჯოვანი ბიანუჩი ხელმძღვანელობდა.

მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ, რა არის ზომისა და მასის ის ზღვარი, სადამდეც შეიძლება ხერხემლიანი გაიზარდოს. ოკეანეში ამის უფრო დიდი შანსია; ამომგდები ძალა გრავიტაციის ეფექტს ეწინააღმდეგება, რომელიც ხმელეთის ცხოველთა სხეულს დიდი სტრესის ქვეშ აყენებს.

ვეშაპისნაირთათვის (ვეშაპები, დელფინები), დიდ ზომას სარგებელი აქვს: ეხმარება წყალში სითბოს შენარჩუნებაში. წყალს ჰაერზე მეტი თერმული გამტარობა აქვს.

თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ფილტრაციის გზით მკვებავი ვეშაპებისთვისაც კი (მაგალითად, ლურჯი ვეშაპები), არსებობს ზომის ზედა ზღვარი. კვების ასეთი სტრატეგიის დაბალი მეტაბოლური ღირებულება ვეშაპებს მინიმალური ენერგიის დახარჯვის საშუალებას აძლევს, მაგრამ ის მსხვერპლზე ხელმისაწვდომობით შემოიფარგლება.

ამიტომ, P. colossus-ის აღქმა ჩვენთვის შეიძლება ცოტა რთული იყოს, რადგან მაქსიმალური ზომის ყველა წინა შეფასება ეფუძნებოდა უფრო პატარა ცხოველებს.

მისი ზომა სამხრეთ პერუში აღმოჩენილი რამდენიმე ძვლის საფუძველზე შეაფასეს: 13 მალა, ოთხი ნეკნი და ბარძაყის ძვლის ნაწილი, რომლებიც პირველ სრულად წყლის ვეშაპისნაირთა ჯგუფს, სახელად ბაზილოზავრიდებს ეკუთვნოდა. დეტალური კვლევა მიუთითებს, რომ ეს ეგზემპლარი ბოლომდე გაზრდილი არ უნდა ყოფილიყო.

ჩვენთვის ცნობილ ვეშაპებთან შედარების საფუძველზე, ბიანუჩიმ და მისმა კოლეგებმა P. colossus-ის ზომა გამოთვალეს; მათი შეფასებით, მისი სხეულის მასა 85-დან 340 ტონამდე უნდა ყოფილიყო. აქამდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი ლურჯი ვეშაპის მასა 199 ტონა იყო.

ძვლებს ასევე აღენიშნება ძლიერ გასქელებისა და გამკვრივების მაღალი მაჩვენებელი — ეს მახასიათებელი ზღვის ძუძუმწოვრებში ხშირია ბუნებრივი ბალასტის გასაზრდელად, რაც მათ დიდი ფილტვების ქონის საშუალებას აძლევს.

იმ ეპოქაში, რომელშიც P. colossus ცხოვრობდა, შუა ეოცენში, განსაკუთრებით უხვად იყო საკვები, რომელიც მათ შეიძლება ეჭამათ; ეს კი მათ ასეთ ზომამდე გაზრდის ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო. მკვლევართა აზრით, ვეშაპი შედარებით ნელი უნდა ყოფილიყო, უპირატესობას სანაპირო ჰაბიტატებს ანიჭებდა და თავთხელ წყლებში, ფსკერთან ახლოს ბინადრობდა.

ოკეანის ეკოლოგიაში მომხდარ ცვლილებებს P. colossus-ის პოპულაციის შემცირება უნდა გამოეწვია.

„ახალი ნამარხი მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ეოცენის ბოლოს, ბაზილოზავრიდები სანაპირო ჰაბიტატებში ბინადრობდნენ. ასევე იმას, რომ ამ გარემოს პროდუქტიულობის დაცემამ სიღრმისეული გავლენა მოახდინა ამ ვეშაპებზე, რამაც გზა გაუხსნა მათ ნათესავებს (თანამედროვე ვეშაპებისა და დელფინების წინაპრებს), რომლებიც ნაპირისგან უფრო მოშორებულ ჰაბიტატებში გაიჭრნენ“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.