პერუმ ეკვადორის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უსაფრთხოების ძალები განათავსა. ბრაზილიამ, კოლუმბიამ და ჩილემ მხარდაჭერა გამოუცხადეს ეკვადორის მთავრობას, რომელმაც ქვეყანაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები სამხედრო სამიზნეებად გამოაცხადა.
ეკვადორის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, „ლოს ჩონეროსის“ ლიდერის, ფიტოს გაუჩინარების შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, სადაც ციხე მდებარეობს, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ კი 11 კრიმინალური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ისინი სამხედრო სამიზნეებად დაასახელა და შეიარაღებულ ძალებს მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარება უბრძანა.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმების სერიის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, ათი ადამიანი – რვა გუაიაკილში და კიდევ ორი ახლომდებარე ქალაქ ნობოლში. ამასთან, ქალაქ რიობამბაში ციხიდან ნარკოდანაშაულებისთვის სასჯელმისჯილი 40-მდე პატიმარი გაიქცა. ასევე, შეიარაღებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა პოლიციის შვიდი ოფიცერი გაიტაცეს, რომელთაგან სამი მოგვიანებით გაათავისუფლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში გატაცებული სამი პოლიციელი ჩანს, რომლებსაც შეიარაღებული პირები იარაღს უმიზნებენ და ერთ-ერთ მათგანს პრეზიდენტ ნობოასადმი მიმართვის ტექსტის წაკითხვას აიძულებენ.
„თქვენ გამოაცხადეთ ომი და მიიღებთ ომს. თქვენ გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ პოლიციას, მოქალაქეებსა და სამხედროებს სამხედრო ნადავლად ვაცხადებთ“, – კითხულობს ერთ-ერთი ოფიცერი ვიდეოში.
ეკვადორის პრეზიდენტმა ნობოამ, რომელმაც უფლებამოსილება ნოემბერში ჩაიბარა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ ნარკოკარტელების ძალადობას დაასრულებს. ეკვადორის მთავრობა აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება არის პასუხი ნობოას გეგმაზე, ააშენოს ახალი დაცული ციხე და იქ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები გადაიყვანოს.
„დღევანდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ეროვნული მთავრობის ქმედებები და გადაწყვეტილებები მძიმედ აისახება კრიმინალურ სტრუქტურებზე და მათი პასუხია ძალადობის ტალღის შექმნა მოსახლეობის დასაშინებლად“, – განაცხადა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული მეთაურობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ხაიმე ველამ.
ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“, ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად გავლენიან კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა, რომელსაც კავშირი აქვს გასულ წელს პრეზიდენტობის კანდიდატის, ფერნანდო ვილიავისენსიოს მკვლელობასთან. პოლიციის ცნობით, მათ მსჯავრდებულის საკანში არყოფნა კვირას აღმოაჩინეს. მედია იუწყება, რომ პატიმრის გაქცევაში დახმარებაში ეჭვმიტანილი ციხის ორი თანამშრომელი დაკავებულია.
როგორც „ბიბისი“ წერს, „ლოს ჩონეროსი“ არის ციხის დაჯგუფება, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ბოლო წლებში ციხეებში მომხდარ აჯანყებებსა და მასობრივ ჩხუბებთან.