ჯონ კირბი - აშშ მზადაა, ძალადობასთან გამკლავებისთვის ეკვადორთან იმუშაოს, თუმცა არ ვაპირებთ ჯარების გაგზავნას ან რაიმე მსგავსს
ჯონ კირბი - აშშ მზადაა, ძალადობასთან გამკლავებისთვის ეკვადორთან იმუშაოს, თუმცა არ ვაპირებთ ჯარების გაგზავნას ან რაიმე მსგავსს

აშშ მზადაა, ძალადობასთან გამკლავებისთვის ეკვადორთან იმუშაოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ აკონტროლებს ეკვადორში მიმდინარე სიტუაციას და მზადაა, ითანამშრომლოს ეკვადორის მთავრობასთან ძალადობის დასაძლევად, თუმცა გამორიცხავს აშშ-ისგან სამხედრო მხარდაჭერას.

„ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ეკვადორის მთავრობასთან ჩვენი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რადგან ისინი ძალადობასთან გამკლავებაზე მუშაობენ. ჩვენ არ გვქონია კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, აშშ არ აპირებს სამხედრო ჯარების გაგზავნას ან რაიმე მსგავსს”,- განაცხადა კირბიმ.

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამიცხადებული. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ციხის საკნიდან გაუჩინარდა. ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“, ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა.

მედია იუწყება, რომ პატიმრის გაქცევაში დახმარებაში ეჭვმიტანილი ციხის ორი თანამშრომელი დაკავებულია. როგორც „ბიბისი“ წერს, „ლოს ჩონეროსი“ არის ციხის დაჯგუფება, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ბოლო წლებში ციხეებში მომხდარ აჯანყებებსა და მასობრივ ჩხუბებთან.