არც ისე შორეულ მომავალში, პლანეტური მეცნიერები გახსნიან პატარა მილს, რომელშიც მარსის ქანები იქნება.
მარსმავალ „პერსევერანსის“ წყალობით, ამ მილში ქანებისა და რეგოლითის სულ მცირე 17 ნიმუშია, რომლებიც დედამიწაზე ჩამოტანას და ანალიზს ელოდება. მათ შესაგროვებლად, მავალმა დაახლოებით 13 კილომეტრი დაფარა.
მავალი მარსზე დაჯდომიდან მალევე შეუდგა გაბურღვას, იღებდა ქანებისა და ქვიშის ნიმუშებს და სპეციალურ მილში ინახავდა.
პირველი მილი, რომელშიც მან ნიმუშები ასე შეაგროვა, რამდენიმე დღის წინ დააგდო „სამი ჩანგლის“ სახელით ცნობილ ადგილზე. მილში მოთავსებულია იმ ვულკანური ქანების ნიმუშები, რომლებიც მან 2022 წლის იანვარში იპოვა.
საქმე არც ისე მარტივი იყო. მისიის ინჟინრები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მილი მიწაზე უსაფრთხოდ დაეცა. ამიტომ, ეს პროცესი ნელა განახორციელეს. პირველ რიგში, პერსევერანსმა კონტეინერი მუცლიდან ამოიღო.
შემდეგ თავის კამერებით გარშემო კარგად მიმოიხედა და მილი 90 სანტიმეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდო მიწაზე.
ამის შემდეგ, სურათიც გადაიღო, რომელზეც ინჟინრებმა დაინახეს, რომ მილი ზედაპირზე უსაფრთხოდ, გვერდულად დევს, რათა მისი აღება ადვილი იყოს.
საბოლოოდ, პერსევერანსის მიერ ავსებული ყველა ასეთი კონტეინერი დედამიწაზე, ლაბორატორიებში მოხვდება. მეცნიერები ამ ნიმუშებს შეისწავლიან და დაადგენენ მათ ქიმიურ და მინერალურ მახასიათებლებს.
შედეგად კი მიიღებენ წითელი პლანეტის გეოლოგიური და ატმოსფერული ისტორიის უფრო სრულყოფილ სურათს.
რას ვისწავლით „პერსევერანსის“ მიერ შეგროვებული ნიმუშებიდან
მარსი ფრიად გამოუცნობი პლანეტაა. კომპლექსურია მისი ისტორია. ვულკანები დღემდე არსებობს. რამდენი ხნის წინ იყო ისინი აქტიური?
ლანდშაფტს კანიონები სერავს. რამ გამოიწვია ეს ტექტონიკური აქტივობა? პლანეტაზე მრავლად არის კრატერი, რომელთა გარშემოც მასალები სიღრმიდან ზედაპირზეა ამოყრილი. მრავალ ადგილს დღემდე მკაფიოდ ამჩნევია თხევადი წყლის დინების კვალი. თუმცა, დღეს იქ წყალი აღარ მიედინება. წყლის მთელი მარაგი თავს იყრის ზედაპირქვეშა ყინულებში და პოლარულ ყინულის ქუდებში.
როგორ უნდა გავარკვიოთ უფრო ბევრი რამ მარსის გეოლოგიური ისტორიის შესახებ?
ყველაზე პირდაპირ გზა ქანების ნიმუშების შესწავლაა. მარსზე გვხვდება ვულკანური ქანები, ქვიშაქვები, არგილიტები და თიხები. და რა თქმა უნდა, თითქმის ყველგან არის მტვერი და ქვიშა. ამ ყველაფერს გარკვეული რამის თქმა შეუძლია მარსის იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ლავა მიედინებოდა, არსებობდა ტბები და ოკეანეები.
ვულკანური ქანების დეტალური ტექნიკური ანალიზი გვეტყვის, რამდენი ხნის წინ იყო იქ ვულკანები აქტიური. მარსის ქანებში არსებული ქიმიური და მინერალოგიური მინიშნებები პლანეტურ მეცნიერებს იმის გარკვევაში დაეხმარება, იყო თუ არა ისინი წყალთან კონტაქტში. და ბოლოს, ყველა ეს ინფორმაცია მეცნიერებს გაუადვილებს იმის დადგენასაც, იყო თუ არა და როდის მარსზე სიცოცხლე.
ქანების ნიმუშები პერსევერანსმა ეზეროს კრატერში, სხვადასხვა ადგილას აიღო. ორბიტიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს, რომ ეს რეგიონი ერთ დროს მდინარის დელტას წარმოადგენდა. მდიდარი ჩანს თიხა მინერალებით და კარბონატებით, რომლებიც მხოლოდ წყლის არსებობის პირობებში წარმოიქმნება.
ეს კარბონატები შეიცავს ცნობებს მარსის უძველესი კლიმატის შესახებ. თუმცა, არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დედამიწაზე, კარბონატებს ცოცხალი ორგანიზმებიც წარმოქმნიან.
უცნობია, არის თუ არა მარსის კარბონატებიც სიცოცხლის მიერ წარმოქმნილი, მაგრამ ეზეროს კრატერი ნამდვილად საინტერესო ადგილია ამის შესამოწმებლად.
მარსის ნიმუშები დედამიწაზე
მილებში ნიმუშების შეგროვება ამ მისიაში დასაწყისიდანვე იყო გათვალისწინებული. მავალის მიერ შეგროვებული ნიმუშები დედამიწაზე NASA-ს ნიმუშების დაბრუნების აპარატმა (SRL) უნდა ჩამოიტანოს.
ამ მისიაზე NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ერთობლივად მუშაობენ და ამ ათწლეულის მიწურულს გაუშვებენ. ის ეზეროს კრატერში, პერსევერანსის მახლობლად დაჯდება, რათა მილები ადვილად აიღოს.
რა თქმა უნდა, მეცნიერებს გარისკვა არ სურთ და აქვთ სარეზერვო გეგმაც იმ შემთხვევისთვის, თუ აპარატი ნიმუშების აკრეფას ვერ შეძლებს. მისიის შემადგენლობაში იქნება ორი პატარა ვერტმფრენიც, რომლებიც ზედაპირზე მიმოფანტულ ნიმუშებს მოკრეფენ.
მას შემდეგ, რაც ნიმუშები უკვე SRL-ში იქნება, გადაიტვირთება პატარა რაკეტაში, რომელიც ზედაპირიდან აფრინდება.
რაკეტა ნიმუშებს გადასცემს ორბიტაზე მყოფ ESA-ს ხომალდს, რომელიც მათ შემდეგ დედამიწაზე წამოიღებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 2033 წელს ეს ნიმუშები უკვე ლაბორატორიებში იქნება.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.