პენტაგონი ადასტურებს, რომ პირამიდის ფორმის UFO-ს ვიდეო ავთენტურია — #1tvმეცნიერება
14:29, 14.04.2021
პენტაგონი ადასტურებს, რომ ავთენტურია აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების სერია, რომლებზეც გაურკვეველი მფრინავი ობიექტებია ასახული.
საზოგადოებაში ასეთ იდუმალ სანახაობებს გაურკვეველ მფრინავ ობიექტებს (UFO) უწოდებენ, მაგრამ უფრო თანამედროვე მიდგომით იყენებენ ტერმინს „გაურკვეველი საჰაერო ფენომენი“ (UAP). ბოლო დროს ამ საკითხს საზოგადოება უფრო სერიოზულად მიუდგა.
მართალია, გაურკვეველი მფრინავი ობიექტები სტიგმატიზებული თემაა, რომელიც კონსპირაციულ თეორიებთან არის დაკავშირებული და პოპკულტურასთანაა გადაჭდობილი, მაგრამ ფაქტად რჩება ის, რომ გაურკვეველი საჰაერო ფენომენები, რომლებსაც ზოგჯერ ანომალიურ საჰაერო ხომალდებსაც (AAV) უწოდებენ, საკმაოდ რეალურია და წარმოადგენს დოკუმენტირებულ სანახაობას ფენომენებისა, რომელთა ადვილად იდენტიფიცირება არც სამხედრო და არც სამეცნიერო მკვლევრებს შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რას ასახავს სინამდვილეში ეს კადრები, პენტაგონი სულ მცირე იმას ადასტურებს, რომ ფოტოები ნამდვილია: გაურკვეველი საჰაერო ფენომენების ავთენტური ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალებმა გადაიღო.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ფოტოები და ვიდეოები ფლოტის პერსონალმა გადაიღო. UAPTF (გაურკვეველი საჰაერო ფენომენების სამუშაო ჯგუფი) მათ ახლა სწავლობს“, — ამბობს პენტაგონის პრესსპიკერი სიუზან გოფი.
May 1st 2020 a classified briefing was generated about the UFO / UAP presence via the Office of Naval Intelligence. I was able to obtain information regarding these & other UAP related briefings – as well as – unclassified slides & some intriguing military captured UAP footage. pic.twitter.com/F6V9h64Qfs
მართალია, პენტაგონი მასალების ავთენტურობას ადასტურებს, მაგრამ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამის მეტს არაფერს განმარტავს და ჯერჯერობით ხმას არ იღებს იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს მათი გამოძიების მიხედვით ეს უცნაური ობიექტები.
„როგორც ადრეც განვაცხადეთ, ოპერაციების უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის და ისეთი ინფორმაციის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება პოტენციურ მეტოქეთათვის გამოსადეგი იყოს, თავდაცვის დეპარტამენტი ამ კადრებისა და მათზე მიმდინარე გამოძიების დეტალებს საჯაროდ არ განიხილავს“, — ამბობს გოფი.
ჯერემო კორბელისა და ჟურნალისტ ჯორჯ კნაპის მიერ ჩატარებული გამოძიების წყალობით, კადრების შესახებ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.
ბრიფინგზე კორბელმა განაცხადა, რომ პირამიდის ფორმის ხომალდი აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელმა USS Russell-მა სან-დიეგოს სანაპიროზე 2019 წლის ივლისში გადაიღო.
ამ ინციდენტის ვიდეო აშკარად მხოლოდ ერთ ასეთ სამკუთხა ობიექტს ასახავს, რომელიც ხომალდიდან 210 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, მაგრამ ეპიზოდის ანგარიში აღწერს სამ დადასტურებულად გაურკვეველ აპარატს, რომლებიც გემის თავზე დაფრინავდნენ.
კიდევ ერთ შემთხვევაში, გემ USS Omaha-ს ეკიპაჟმა გარკვეული სახის სფერული ხომალდი შენიშნა, რომელიც წყალში ჩაფრინდა და გაუჩინარდა. UAPTF-ის დოკუმენტაციის მიხედვით, ხომალდი უნდა ჩაძირულიყო, მაგრამ ამ ზონაში შემდეგ წყალქვეშა ნავით ჩატარებულმა სამძებრო სამუშაოებმა ვერაფერს მიაგნო.
2019 წლის მარტის ერთ დღეს, ვირჯინიაში, ფლოტის ერთ-ერთი სადგურის სიახლოვეს, F-18 იარაღი სისტემების ოფიცერმა iPhone-ით გადაიღო სამი გაურკვეველი საჰაერო ფენომენი.
ყველა ობიექტი სხვადასხვანაირად გამოიყურება. ზოგი იმასაც ვარაუდობს, რომ ისინი შეიძლება ამინდის ბალონები ან უცხო ქვეყნის ჯაშუში დრონები იყოს, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ისინი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის და ჯერ კიდევ გაურკვეველ საჰაერო ფენომენად მიიჩნევა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ უცნაურ, გაურკვეველ ფენომენთა შესახებ ჯერ კვლავ მრავალი კითხვაა, პენტაგონის ახალი ინფორმაცია სულ მცირე იმას მაინც გვამცნობს, რომ თავდაცვის დეპარტამენტი გამოძიებას აგრძელებს და ამ საკითხს სერიოზულად უდგება.