პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულს, თამარ საძაგლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ბავშვის დაჭრისთვის დაკავებულის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია არ ეთანხმებოდა. ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

საქმის პროკურორების განცხადებით, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზები და სწორედ ამ ექსპერტიზების დასკვნის შემდეგ იქნება ბრალდების მხარის პოზიცია შემდგომ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩემს შვილს რადგან ფსიქიკური პრობლემები აქვს და ახლა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა და რა თქმა უნდა, დადასტურდება, ამის მიხედვით იმსჯელებენ. მედიკამენტებს იღებდა, მკურნალობდა, ფსიქიატრიულში იწვა“, – განაცხადა ბრალდებულის დედამ, მანანა ჩხიკვაძემ.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.