„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ზილფიმიანი ღია წერილში წერს.

„ჩემი ცხოვრების მანძილზე, წარსულიდან მოყოლებული, დღემდე, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ყოველთვის ვმოქმედებდი ჩემი მოქალაქეობრივი მრწამსისა და ქვეყნის საჭიროების შესაბამისად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მხარს ვუჭერდი ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმდინარეობას. კერძოდ, 2004 წელს, ქვეყნის განახლებასა და აღმშენებლობას. 2012-ში, კაცთმოძულე ტირანიის გადაგდებას, ხოლო შემდგომ, პატრიოტიზმსა და სამართლიანობის აღდგენას. ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, ქვეყანაში მომხდარი თითქმის ყველა კატაკლიზმის მსხვერპლი გავხდი, ისე, როგორც ეს იყო აფხაზეთის მოვლენებში ჩემი მონაწილეობისას, „ბასილისტების“ შავი ინკვიზიციის პერიოდში, რომლებმაც წიგნების დაწვითა და დარბევით (მათ შორის, ჩემი კომპანიის) დატოვეს კვალი. ასევე, 2012 წელს, დამოუკიდებელი ტელევიზიების სიგნალის გავრცელების შესაწყვეტად, იმდროინდელი რეჟიმის მიერ, ისევ ჩემი კომპანიის სრული დარბევით დასრულდა. მიუხედავად ყველაფრისა, მესამედ მომიწია კომპანიის აშენება და კვლავაც იგივე საქმიანობას ვახორციელებ, როგორც ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი.

პოლიტიკა არასოდეს მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე ჩემი სამეცნიერო, აკადემიური, მედია და ტექნიკური მიმართულებანი, რომელთაც დავუთმე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში, ვარ რა, უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“, – ნათქვამია ზილფიმიანის წერილში.

ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს.

რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.