ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში ყოფნისას სასამართლო სხდომებზე დასწრებას არ აპირებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. როგორც მოსამართლის თანაშემწემ აღნიშნა, პენიტენციური სამსახურიდან გამოგზავნილ წერილში ბრალდებული აცხადებს, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სასამართლო სხდომებზე დასწრებას და საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე წარიმართოს. ასევე ოქრუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომებს მხოლოდ თავისუფლების პირობებში დაესწრება.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის საკითხის გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არ უნდა შეიცვალოს, რადგან კვლავ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი კი, 500 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ თავს დამნაშავედ ცნობს. მეორე ბრალდებულმა, თორნიკე დათაშვილმა კი განაცხადა, რომ თავს დამნაშავედსრულად ცნობს. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.