პატიმრების წამების საქმეზე განაჩენის შესახებ სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე შვიდი პირის – მალხაზ ღვინიაშვილის, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილის, დავით ნოზაძის, დავით ჩიხლაძისა და ვახტანგ გუგუციძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას.
„სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ზაზა ხ.-ს, ნუგზარ მ.-ს, დავით ნ.-ს, დავით ჩ.-სა და ვახტანგ გ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის“ გამოყენებით, საბოლოოდ 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მალხაზ ღ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა“ და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო ოლეგ ფ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა“ და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ოლეგ ფ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი შთანთქა 2017 წლის, 18 იანვრის განჩინებით განსაზღვრულმა სასჯელმა და მას საბოლოოდ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ზაზა ხ.-ს, ნუგზარ მ.-ს, დავით ნ.-ს, დავით ჩ.-ს, ვახტანგ გ.-ს, ოლეგ ფ.-სა და მალხაზ ღ.-ს, ბრალად ედებოდათ პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ. ოლეგ ფ.-სა და მალხაზ ღ.-ს, ასევე ბრალად ედებოდათ წამება, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ. (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია.)
საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. კერძოდ, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდების გამოყენებით, ბრალდებულთა მიზანს, მსხვერპლში შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდის, საბოლოოდ კი უსიტყვო მორჩილების მიღწევა წარმოადგენდა.
ღია სასამართლო სხდომებზე, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა, მათ შორის დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით პატიმრების დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საპატიმროს საკნებში და ე.წ. „კარანტინის დაშლისას“ პატიმართა მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის“, – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.