პატიმრების წამების საქმეზე ბრალდებულ მეგის ქარდავას პროცესზე გლდანის ციხის ყოფილი კონტროლიორი დაიკითხა
პატიმრების წამების საქმეზე ბრალდებულ მეგის ქარდავას პროცესზე გლდანის ციხის ყოფილი კონტროლიორი დაიკითხა

პატიმრების წამების საქმეზე ბრალდებულ მეგის ქარდავას პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გლდანის ციხის ყოფილი კონტროლიორი ლევან ფხალაძე, მეტსახელად „ბასტი“ დაიკითხა. ლევან ფხალაძე გლდანის ციხის პატიმართა წამების საქმეზე გასამართლებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.

სასამართლო პროცესზე ლევან ფხალაძემ დაადასტურა, რომ 2011 წლის აპრილის დასაწყისში, გლდანის ციხეში, ე.წ ფუქსებში ნახა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ელდარ ქობალია, რომელიც ნაწამები იყო. როგორც მოწმემ განაცხადა, ქობალიამ მოუყვა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სამეგრელოში დააკავეს, ბრალდებას არ აღიარებდა, სამეგრელოში, პოლიციის განყოფილებაში აწამეს და გააუპატიურეს. მოწმის თქმით, ქობალიამ მოუყვა გლდანის ციხეში წამების შესახებაც.

მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ საქმის კურსში ჩააყენა მისი უშუალო ხელმძღვანელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გლდანის ციხეში ოპერატიულ მორიგედ მუშაობდა. მოწმის ჩვენებით, ბედუკაძემ ექიმს დაურეკა, რომელმაც პატიმარი ქობალია გასინჯა და დამამშვიდებლები მისცა.

ლევან ფხალაძის განცხადებით, სამი დღის შემდეგ სამსახურში მისულს აღნიშნული პატიმარი აღარ დახვდა. უთხრეს, რომ გარდაიცვალა.

ამასთან, მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ სხვა პროცესზე აღნიშნულმა მოწმემ ჩვენებაში მიუთითა, რომ მეხსიერების პრობლემა აქვს, რადგან ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა. ადვოკატი ცდილობდა, მეხსიერების პრობლემებზე გაერკვია ინფორმაცია მოწმესთან, თუმცა ფხალაძემ არ დაუდასტურა, რომ მეხსიერების პრობლემა აქვს. ველიჯანაშვილის განცხადებით, ფხალაძე და ბედუკაძე თავად არიან მსჯავრდებულები პატიმრების წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში და უცნაურია, რატომ შეწუხდნენ ქობალიას მდგომარეობით, რომ დახმარება აღმოეჩინათ და ექიმი მიეყვანათ.

მეგის ქარდავა პროცესს არ დასწრებია. აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვაში ქარდავამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პროკურორ მარიამ მეშველიანის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა ბრალდების არგუმენტი, რომ ქობალია სამეგრელოში და გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნაწამები იყო.

შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ივნისს ჩატარდება.

მეგის ქარდავას ბრალად ედება 2011 წელს გლდანის ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად „კოჭოიას“, კობა მატკავასა და ელდარ ქობალიას წამება. 21 წლის ელდარ ქობალია გლდანის ციხეში გარდაიცვალა.