პატიმრების წამების საქმეზე შვიდი პირის სააპელაციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
პატიმრების წამების საქმეზე შვიდი პირის სააპელაციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში პატიმრების წამების საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას კითხულობს.

დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე შვიდი პირის – მალხაზ ღვინიაშვილის, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილის, დავით ნოზაძის, დავით ჩიხლაძისა და ვახტანგ გუგუციძის სააპელაციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მათ მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გამოძიების ინფორმაციით, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას.

ზაზა ხარაიშვილს, ნუგზარ მარღიას, დავით ნოზაძეს, დავით ჩიხლაძესა და ვახტანგ გუგუციძეს სასჯელის ზომად განესაზღვრათ 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, მალხაზ ღვინიაშვილის სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ოლეგ ფაცაციას კი 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დავით ნოზაძის ადვოკატი ვახტანგ აბესაძე აცხადებს, რომ ჯერ დადგენილი არ არის, რა ჩაიდინა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა.

„პირველი ინსტანციის სასამართლო საეჭვო სამხილებს დაეყრდნო. განაჩენი არის უკანონო. ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, რითიც მისი დანაშაული არ დგინდება“, – განაცხადა ვახტანგ აბესაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. კერძოდ, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს.

ღია სასამართლო სხდომებზე, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა, მათ შორის დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საპატიმროს საკნებში და ე.წ. კარანტინის დაშლისას პატიმართა მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის“, – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.