პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულ დავით ნოზაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულ დავით ნოზაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულ დავით ნოზაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სხდომის ბოლოს სიტყვით ისარგებლა თავად მსჯავრდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ ამანათების განყოფილებაში მუშაობდა და მასთან ერთად დაკავებულ მსჯავრდებულებთან შეხება არ ჰქონია.

ნოზაძემ ასევე განმარტა, რომ მის მიმართ არსებობს მხოლოდ ერთი პატიმარი დაზარალებულის ჩვენება, რომელსაც ის არ იცნობდა.

„ეს ბიჭები, ჩემი მეგობრები ახლა გახდნენ. მათთან შეხება არასდროს მქონია. მხოლოდ ტელეფონით, ვურეკავდი, მაგალითად, ამანათი თუ აგვიანებდა. ციხეში ამანათების განყოფილებაში ვმუშაობდი 2009 წლიდან 2017 წლის აპრილამდე, საღამოს 18:00 საათამდე. 2016 წლის ბოლოს მხოლოდ ერთხელ ვიყავი გენინსპექციაში დაკითხვაზე დაბარებული. გამომძიებელმა მითხრა, რომ ვინმე ოჩიგავა მიჩიოდა. წამიკითხა ბრალი. თითქოს დაზარალებულთან მომაყენეს შეურაცხყოფა, მაფურთხეს და ამას ვიტან, იცით როგორ? მაგრამ, ჩემს ოჯახსაც გადაწვდნენ. თითქოს, ოჩიგავასთან მისულა ჩემი მეუღლე. ეს ოჩიგავა რომ ვნახე, მივხვდი, ის თავის ოჯახს გაწირავდა, მე კი არა. მამაჩემმა და დედაჩემმა ქართველი კაცი გამზარდეს, თავად ოჩიგავას რა ასწავლეს, ბარიგობა, წამლის კეთება. სამწუხაროდ, ყოფილან ისეთი თანამშრომლები, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად უდანაშაულოსთვის დაუდიათ ხელი, დღესაც მუშაობენ ასეთები. ერთადერთი პატიმარი ოჩიგავა იძახის შენზეო. რა მიზეზი უნდა ჰქონოდა? ძალიან ძნელი ყოფილა აქედან სიმართლის დამტკიცება. რისთვის ვარ დაჭერილი? 2009 წლიდან რომ ვმუშაობდი? 180 კილო ვიყავი, აი, დღეს როგორი ვარ ბატონო მოსამართლე. ოჯახი გამინადგურდა, ორი შვილი მყავს“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე შემდეგი სხდომა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა.

საქმეზე შვიდი პირის – მალხაზ ღვინიაშვილის, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილის, დავით ნოზაძის, დავით ჩიხლაძისა და ვახტანგ გუგუციძის სააპელაციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა. მათ მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ზაზა ხარაიშვილს, ნუგზარ მარღიას, დავით ნოზაძეს, დავით ჩიხლაძესა და ვახტანგ გუგუციძეს სასჯელის ზომად განესაზღვრათ 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, მალხაზ ღვინიაშვილის სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ოლეგ ფაცაციას კი 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. კერძოდ, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს.