პარტია „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს
პარტია „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა.
თურაზაშვილის თქმით, მეორე წელია, საპენსიო სესხებსა და პენსიონერების პრობლემებზე მუშაობენ და „ლიბერთი ბანკის“ ორი სახის სქემის შესახებ შეიტყვეს, თუ როგორ იძარცვებიან პენსიონერები.
„შევიმუშავეთ რეკომენდაციები და პენსიონერებს ვეხმარებით, მიმართონ „ლიბერთი ბანკს“ და ძველ ჩარჩოში დაბრუნებით გაინულონ სესხები. ეს სარჩელი კიდევ ახალი გზაა, რათა უფრო მალე მივიღოთ შედეგი, ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი გაუნულდეს. წინა კვირაში ახალმა პრემიერმა ჩემს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მოგვცა დაპირება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით. გამოვთქვი მზაობა, რომ ამ ჯგუფში ვიქნები ჩართული. პარალელურად, სასარჩელო პროცესი სასამართლოში უფრო ეფექტიანს გახდის სამუშაო ჯგუფის მუშაობას და უფრო მალე მივიღებთ შედეგს, რათა ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი გაუნულდეს, როგორც ოვერდრაფტი, ისე პანდემიის დროს გადავადებული სესხები. მანამდე არსებობდა პრობლემა, რომ სესხები 36-40%-ში გაიცემოდა, რაც შეიცვალა, დაიწია პროცენტმა და საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრად 26% განისაზღვრა, თუმცა ჩვენი პენსიონერებისთვის ეს პროცენტიც მაღალია და ამაზე მუშაობა ისევ უნდა გაგრძელდეს. ჩვენი სარჩელი ეხება ოვერდრაფტებს, ეს არის ყველაზე ძვირი საბანკო პროდუქტი, რომლის შესახებაც ბანკის თანამშრომლებმა პენსიონერებს არ აუხსნეს, რა საფრთხეებს შეიცავდა. ასევე არ აუხსნეს, რომ მათი გადახდილი თანხა წავიდოდა მხოლოდ ბანკის მომსახურების საკომისიოში და სესხის ძირს არაფერი დააკლდებოდა. მაგალითისთვის, თუ მათ აიღეს 1 500 ლარი, სამი ან ხუთი წლის შემდეგ მათ მოუწევდათ ისევ 1 500 ლარის დაბრუნება. პენსიონერები „ოვერდრაფტს“ ეძახიან ვალს სიცოცხლის ბოლომდე, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი თავად ამას ვერ დააბრუნებენ”, – განაცხადა თურაზაშვილმა.