ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით თბილისში, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ფოთიდან ზაზა სარალიძის მხარდამჭერები უკვე გაემგზავრნენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მიკროავტობუსებით თბილისისკენ გაემართნენ.
„ჩვენი მიზანია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ შვილმკვდარ მამას. ის, რაც ამჟამად ქვეყანაში ხდება, დაუშვებელია. არ გვაქვს უსაფრთხოების განცდა. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაია ფაილოძე.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ფოთიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად 150-მდე ადამიანი გაემგზავრა.
ამასთან, თბილისში აქციაზე დასასწრებად უკვე გაემგზავრნენ ზუგდიდიდანაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას დღეს გეგმავენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებიან.