პარლამენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება
პარლამენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ და ამ საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ.

შეხვედრა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყება.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისი თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება.

კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.