პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა
პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა, საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების მონაწილეობით, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

„ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ევროპული პერსპექტივა, რაც ქვეყანას მიენიჭა, ერთი მხრივ, არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ კი ეს არის ერთგვარი გამოცდა, როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევად გზაზე დავაყენოთ“, – განაცხადა სხდომის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სხდომის თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა.

„ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა. ეს გადაწყვეტილება გახლდათ ისტორიული მომენტი ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირმა ასევე აღიარა, რომ საქართველომ მთელი რიგი რთული რეფორმები გაატარა. თუ პოლიტიკური ძალები თავიანთ უთანხმოებას გვერდზე გადადებენ, პოლარიზაციას დაძლევენ და ერთობლივი ძალისხმევით კონცენტრირდებიან ძირითად პრიორიტეტზე – საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული იქნება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სხდომის თანათავმჯდომარემ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე და მის შედეგებზე ისაუბრა. მან საქართველოს უკრაინისთვის გამოხატული სოლიდარობისთვის და ასევე, მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრეს.

სხდომაზე განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული ომის გავლენა საქართველოზე; საქართველოს შერიგების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.

ასევე, იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე.

კომიტეტის სხდომის მეორე სამუშაო სესიაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა დაკავშირებადობის მიმართულებით, მათ შორის, თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და ციფრული დაკავშირებადობა, ასევე, დასაქმებაზე, სოციალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთერთმეტე სხდომაში, კომიტეტის წევრებთან, ქართველ და ევროპელ პარლამენტარებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველისა და ევროკომისიის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.