ეკა სეფაშვილი - 12 რეკომენდაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, უკრაინასა და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ კი წინასწარ, სტატუსის მისაღებად
ეკა სეფაშვილი - 12 რეკომენდაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, უკრაინასა და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ კი წინასწარ, სტატუსის მისაღებად

საქართველოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ჩვენ კი ეს რეკომენდაციები მივიღეთ წინასწარ, სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას და გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. რაც შეეხება კრიტერიუმებს ამ პროგრესის შესაფასებლად, ეს უნდა იყოს გამოყენებული, რადგან არის სასარგებლო ინსტრუმენტი, როგორ ვაღწევთ ამ 12 რეკომენდაციას. სხვა ობიექტური ინსტრუმენტი პროგრესის შესაფასებლად არ არსებობს, რადგან აღქმა არის პერსონალური განსჯა და ამიტომ უნდა გვქონდეს ობიექტური ზომები. ცხადია, თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს და ახლა ბურთი თქვენს მხარესაა. თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლის წინ უნდა მიღებულიყო“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.