პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.
სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში აჯობებს.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო განხილვა იქნება. თემა არ არის, რომელიც საინტერესო არ არის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობის საკითხია მას შემდეგ, რაც ეს პაკეტი შემოვიდა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც განსაზღვრავს ძალიან დიდ სიახლეებს ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო ტენდენციების გამოსაკვეთად და რეალურად უკვე მოქმედებაშია. რასაკვირველია, ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ამის ავტორია, ამ იდეების ერთ კანონპროექტად შემკვრელი, იქნება საინტერესო ყველასათვის. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია, მაგრამ ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებზეც დახურულ ფორმატში ჯობია მსჯელობა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო ოპოზიციას ქეთევან ციხელაშვილთან საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექნება კითხვები. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.
მინისტრის საათი საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.