პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი და რომან კაკულია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელ ლევან გოგიჩაიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დეპუტატებს შორის კამათი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას მოჰყვა. ლევან გოგიჩაიშვილმა უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებული მისი ინიცირებული კანონპროეტის განხილვის გაჭიანურების გამო გამოთქვა.
„18 დეკემბერს არის დარეგისტრირებული ჩემი კანონპროექტი, გადადეთ შემდეგი არჩევნებისთვის დაახლოებით. მთავრობა არეგისტრირებს კანონპროექტს და თქვენ ამას იხილავთ დაჩქარებული წესით. უბრალოდ მაინტერესებს, რა მიდგომაა, ან რა სტანდარტია ან საპარლამენტო კულტურის, ან ტრადიციის თვალსაზრისით ან კოლეგიალობის თვალსაზრისით, რა სტანდარტს აჩვენებს დღეს„ ქართული ოცნება“? ამით რას ამბობთ, რომ გადამიგრიხეთ ხელები, ჩვენ გადაგვიგრიხეთ, რაღაც შეაპარეთ, გამოაპარეთ და მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ ამ პარლამენტში, თუ…? კულტურა მაინტერესებს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დეპუტატს განუმარტა, რომ მის მიერ შემოტანილი კანონპროექტი კომიტეტს განხილული აქვს.
„ეგ ხელი აუქნიე „ნაციონალურ მოძრაობას“, უქნიე ხელი, სადაც საქნევია და სადაც გაგსვლია ხელის ქნევა“, – მიმართა გოგიჩაიშვილმა კაკულიას.
საპასუხოდ რომან კაკულიამ მას ტონის დარეგულირებისკენ მოუწოდა.
„შენი საქციელი რაში ჯდება, გარკვეული არ ხარ და მელაპარაკები აქ. რა გინდა? ჩხუბი გინდა მაინც და მაინც?“, – მიმართა კაკულიამ პასუხად.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მისი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება შეიზღუდა იმით, რომ მისი კანონპროექტი დღემდე არ განხილულა.
„რა არ ჩავსი? მხარსაც გიჭერდი თავის დროზე. რა ლექციებს მიკითხავ აქ ვერ გავიგე. ჩემი დამოკიდებულება იცი, საერთოდ ამ ყველაფრის მიმართ. ლევან, თუ შეიძლება ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს, ვერ გავიგე. მითხარი და პასუხი არ გაგეცი? ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან სხვა რამე. საკუთარ მორალს მიხედე. დაწყნარდი ახლა“, – მიმართა კაკულიამ ლევან გოგიჩაიშვილს.