პარლამენტში იმსჯელებენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, 178 პირს ზედმეტად მიღებული კომპენსაციის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება აღარ მოუწევს
პარლამენტში იმსჯელებენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, 178 პირს ზედმეტად მიღებული კომპენსაციის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება აღარ მოუწევს

2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 31 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკვე დაკავებული თანხები, ასევე კომპენსაციის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია, სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ 15 დღის ვადაში, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის (ძირითადად საჯარო საქმიანობა) თაობაზე ინფორმაციის მიწოდება არ ხდება, შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და ხანდაზმული მოსახლეობის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ან მარჩენალდაკარული ოჯახების (კომპენსაციის შემთხვევაში) მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. რაც კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

კანონმდებლების ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 178 კომპენსაციის მიმღებ პირს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 85 883 ლარს, მათ შორის იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე წარმოეშვათ ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება შეადგენს 132 პირს, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან 46 პირს.

ამასთან, ამჟამად, მიმდინარეობს 50 ადმინისტრაციული, 1758 სასამართლო და 134 სააღსრულებლო წარმოება, რაც ცვლილებებიდან გამომდინარე შეწყდება.