პარლამენტში ამნისტიის შესახებ წარდგენილი ორი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დღეიდან დაიწყება
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ წარდგენილი ორი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეიდან დაიწყება.
თავდაპირველად განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება, მოგვიანებით კი აღნიშნულ კანონპროექტებს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ პოლიციელთა მიმართ ამნისტია გამოიყენება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში. ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები შეჯერდება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი კანონპროექტი იქნას მიღებული და ამისთვის სრულ ლობირებას ვუწევთ, რა თქმა უნდა, ჩვენს კანონპროექტს. გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელიც გაგვაჩნია პარლამენტში. რაც შეეხება პოზიციების დაახლოებას, რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, რომ ერთი კანონპროექტი გასულიყო, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ სიხისტე და მათი პოზიცია ხელს უწყობს საზოგადოების გაყოფას“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის შინაარსი კი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
„არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც არის განსხვავებული მოსაზრებები, პოზიციები. დაახლოებით უკავშირდება იმას, რომ არის ინიციატივა ოპონენტების მხრიდან, დავიწროვდეს წრე იმ სამართალდარღვევებისა, რომლებზეც ამნისტია გავრცელდება, თუმცა ვთვლით, რომ ეს არ არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტით, 19 აპრილის შეთანხმებით. იქ განსაზღვრულია, რა უნდა იყოს ამნისტიის საგანი, რა უნდა დაექვემდებაროს ამისტირებას. იქ არის განსაზღვრული ყველა სამართალდარღვევა და ბუნებრივია, მისი შემდგომი დავიწროების რაიმე შესაძლებლობა, ვფიქრობ, არ იქნება თანხვედრაში იმ დოკუმენტის აღსრულების მიზნებთან, რისთვისაც საერთოდ არის ინიცირებული ეს კანონპროექტი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიმდინარე კვირაში პირველი მოსმენით პლენარულ სესიაზე გავა.