პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს უყრიან კენჭს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს უყრიან კენჭს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს უყრიან კენჭს. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრების უმრავლესობა ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტს მხარს არ დაუჭერს, კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდება.

მხარეებისთვის სადავო საკითხად რჩება ჩანაწერი, რომელიც ამნისტიაზე თანხმობას ეხება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ქართული ცონების“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია და ალტერნატიული ვერსიის მხარდაჭერა აღარ იგეგმება.

„ამნისტიის ორივე კანონპროექტი იმთავითვე გამორიცხულია, რომ ერთდროულად მიღებულიყო. ეს შეუძლებელია. ან ერთი უნდა ყოფილიყო მიღებული, ან მეორე. გახსოვთ, რა საკითხებში იყო განსხვავებული მოსაზრებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციის ნაწილს შორის, თორემ იყო ოპოზიციის ნაწილი, რომლის მოსაზრება საერთოდ ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, თან ვითომ ნეგატიური დამოკიდებულება, თან ვითომ ძალიან აქტიურად იბრძოდა, რომ ნების მიუხედავად, ბატონ მელიასთან მიმართებით გავრცელდეს ამნისტია. ეს მათი სურვილი არის, მესმის, მაგრამ უნდათ, შეინარჩუნონ პოზიცია, რომ არ აქვთ ამნისტიის გავრცელების სურვილი. მიმაჩნია, სწორი პოზიცია არის ის, რაც ასახული იყო იმთავითვე ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. ეს პირველი – უკავშირდებოდა საკითხს, რომ ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებულიყო, როგორც წერია შარლ მიშელის დოკუმენტში, თუ გავრცელებულიყო ზოგიერთ სამართალდარღვევაზე ან შეზღუდულ წრეზე სამართალდარღვევებისა. ამასთან დაკავშირებით დისკუსიის განახლება იმ საკითხებზე, რაც უკვე ცალსახად გადაწყვეტილია შარლ მიშელის დოკუმენტში, ვფიქრობ, გამართლებული არ არის. თანხმობით შეზღუდვა ამნისტიის გავრცელება-არგავრცელებისა გაუმართლებელი იქნებოდა. ჩვენი მხარდაჭერა მოიპოვა კანონპროექტმა, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ იყო ინიცირებული. რაც შეეხება ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა, ამის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. მით უმეტეს, როდესაც ორი მოსმენით მიღებულია უკვე ის, რაც თავდაპირველად ჩვენ მიერ იყო ინიცირებული კანონპროექტში“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დღევანდელ კენჭისყრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება და მმართველი გუნდისგან მხარდაჭერას არ ელოდებიან.

„არაკონკრეტიზებულ ამნისტიას, გავრცელებულს ფაქტთან დაკავშირებით, ყველა დანაშაულზე და არა კონკრეტულ ჩამონათვალზე დანაშაულებისა, სამართლებრივი პრაქტიკა არ იცნობს. მეორე სამართლებრივი მანკიერება არის, რომ ხელისუფლების ვარიანტი ითხოვს წინასწარ თანხმობას ბრალდებულის ან მსჯავრდებულისგან, თუმცა ეს წინასწარი თანხმობა ეშმაკურად ნეგატიურ კონტექსტშია ნათქვამი და წერია, რომ ბრალდებული ან მსჯავრდებული უარს არ აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე მის მიმართ. პოზიტიურ კონტექსტში რომ ვთქვათ, თუ თანახმაა მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე და იქვე არის გაწერილი პროცედურა, რომ პროკურორი ან მოსამართლე, რომელიც იყენებს ამნისტიას, ადგენს ამ გარემოებას ანუ პირის ნებას და მხოლოდ ამ ნების დოკუმენტურად გავრცელების შემდეგ გავრცელდება ამნისტია. მსოფლიოში არც ერთი ამნისტია არ იცნობს ასეთ პრაქტიკას, რადგან ამნისტია არის ცალმხრივი ჰუმანური აქტი სახელმწიფოს მხრიდან. საპარლამენტო განხილვას აქვს თავისი პროცედურები. თუ ჩვენი კანონპროექტი პირველი მოსმენის დროს ვერ მიიღებს საკმარის ხმებს, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი აღარ გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ასე მოხდება. იმთავითვე მოსალოდნელი იყო, როდესაც ხელისუფლება არ დაგვთანხმდა, შევჯერებულიყავით ერთ, სამართლებრივად გამართულ კანონპროექტზე. რადგან მსვლელობა მიეცა მათ კანონპროექტს, შევთავაზე, რომ შემოფარგლულიყო სამოხელეო დანაშაულით. მაგრამ ნუ გავრცელდება, თუ მოხდა არაფორმალური ჩარევა და არაფორმალურმა ბრძანებამ და მითითებამ თუ აიძულა სახელმწიფო მოხელეები, კანონი დაერღვიათ. სამწუხაროდ, ესეც არ იქნა გაზიარებული“, – განაცხადა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ.

დატოვე კომენტარი