20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით გავა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ნიკა მელიას წინააღმდეგ არის შემუშავებული.

„ეს კანონი იყო გაკეთებული და შემუშავებული მხოლოდ ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა შარლ მიშელის შეთანხმებას, ახლა ცდილობენ, პოლიტიკური ოპონენტები ამ სახით დევნონ“, – განაცხადა ნინა მამულაშვილმა.

საბოლოო რედაქციის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მცდელობა ჰქონდა და ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ ამბობს.

„ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდებს.

„თავიდანვე, როდესაც მიშელის დოკუმენტის დატოვებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, იმთავითვე იქნა განცხადება გაკეთებული, რომ ამ კანონპროექტის მიღებას ჩვენი პარლამენტი უზრუნველყოფდა. შესაბამისად, ამ პირობას ვასრულებთ, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას, ამ თვალსაზრისით კი ნამდვილად არათანმიმდევრულია ყველა მათი გადაწყვეტილება. გადავავლოთ თვალი 19 აპრილიდან მოყოლებული და გასაგებია, რომ ამ ხალხს რეალურად არავითარი პრინციპული შეხედულება და მოსაზრება უბრალოდ არ გააჩნია“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი