კოვიდრეგულაციების ​დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ამნისტირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს
კოვიდრეგულაციების ​დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ამნისტირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭს უყრიან საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიცია, თუმცა მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად შეიძლება, ჩაითვალოს იმ პირთა მიმართ, ვინც დაკისრებული ჯარიმები უკვე გადაიხადა.

„სრულიად ვეთანხმები ამნისტიას. აღნიშნული ჯარიმები იყო არასამართლიანი. არ უნდა ყოფილიყო აღსრულებული და იმედია, რომ ყველა სხვა ჯარიმასაც იგივე ბედი ეწევა და იმ ადამიანებს, ვინც გადაიხადეს ჯარიმები, რამეს მოუგონებს მთავრობა, რომ არასამართლიანობის ელფერი არ დარჩეთ“, – აცხადებს „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

​ინიციატივას პოპულისტურს უწოდებენ „ლელოში“. როგორც ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, ისინი ინიციატივას მხარს არ უჭერენ და აღნიშნული ჯარიმები სამართლებრივად ისედაც არააღსრულებადი იყო.

„ჩვენ მიგვაჩნია ,რომ ეს არის პოპულისტური ნაბიჯი. მაინტერესებს, როცა მოვლენ და ინიციატივას გამოიტანენ, რა დასაბუთებით ამბობენ, რომ დღევანდელი რეგულაციები უნდა აღსრულდეს. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. ეს ჯარიმები არააღსრულებადი იყო სამართლებრივად, ვერავინ ან ხალხს ამ თანხას ვეღარ მოსთხოვდა, ამიტომ, ფაქტობრივად, ეს არაფერს არ ცვლის, რადგან სამართლებრივად ისედაც ასე იქნებოდა. ეს წინასაარჩევნო პოპულიზმი და არათანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საკანონმდებლო პაკეტს მხარს უჭერენ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, ჯარიმების ჩამოწერით მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობა შემსუბუქდება, თუმცა ეს არ უნდა მივიღოთ კოვიდრეგულაციების დარღვევის წახალისებად.

„კოვიდამნისტიის მიღება არ უნდა მივიღოთ ისე, რომ ეს ერთგვარი წახალისება გახდეს კოვიდრეგულაციების დარღვევის, რადგან ეს რეგულაციები აუცილებელი პირობაა, რომ „კოვიდის“ გავრცელება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მაგრამ გამომდინარე სოციალური მდგომარეობიდან, პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მოქალაქეების მდგომარეობა მატერიალურად შემსუბუქდეს ამ ნაწილში, ჯარიმები, რომლებიც გამოიწერა ამ მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, ჩამოიწეროს. ბუნებრივია, მესამე მოსმენით ჩვენ ამ ამნისტიის კანონსაც მივიღებთ“, – განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმებისგან თავისუფლდებიან. ადმინისტრაციული სახდელისგან დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.