პარლამენტში აკაკი ზოიძე და ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დაუპირისპირდნენ.
კამათი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდებოდა. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ბექა ნაცვლიშვილია, რომლის მხარდაჭერისკენ მან მმართველი გუნდის დეპუტატებს ტრიბუნიდან მოუწოდა, რის საპასუხოდ აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მშრომელების უფლებების დასაცავად მმართველი გუნდიც აქტიურად მუშაობს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადების გამო, ბექა ნაცვლიშვილმა აკაკი ზოიძეს დემაგოგი უწოდა. ურთიერთბრალდებები საბოლოოდ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აკაკი ზოიძემ დამოუკიდებელ დეპუტატს „ტროცკისტი“ უწოდა.