პარლამენტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა
პარლამენტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა

მთავრობამ პარლამენტს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 23 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის სახელის ცვლილება და იგეგმება მისი ჩამოყალიბება, როგორც სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარია უნივერსიტეტის მიზნებზეც და ნათქვამია, რომ მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

რაც შეეხება უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებს, პროექტში აღნიშნულია, რომ სფეროებს განეკუთვნება: კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველზე მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.

ამასთან, პროექტში მითითებულია უნივერსიტეტის ფუნქციებიც, მათ შორის: ადრონული თერაპიის მეთოდის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება; სტუდენტების ხელშეწყობა პიროვნული პოტენციალის რეალიზებაში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების მიღებაში;
ასევე, მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების პირობების შექმნა; განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისთვის პირობების შექმნა; სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება;
ასევე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობის წარმოება; დარგობრივი და დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და სამეცნიერო კვლევების ახალი მიმართულებების განსაზღვრა;

საკანონმდებლო პაკეტით განსაზღვრულია უნივერსიტეტის მართვის ორგანოებიც. პროექტით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებად დასახელებულია: აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.  აღმასრულებელი დირექტორი ვალდებული იქნება, წელიწადში ერთხელ, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ანგარიში უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია უნივერსიტეტის დაფინანსებაზეც და ნათქვამია, რომ დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გრანტები; შემოწირულებები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.  ფონდი „ქართუსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.  ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. როგორც პრეზენტაციაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა,  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ამაჩქარებლის პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად მილიარდი ევროს გაღება.

ბიძინა ივანიშვილმა 18 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება სახელწოდებით – „ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ფონდი „ქართუ” დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“.

დატოვე კომენტარი