ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იტალიის ელჩს და საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იტალიის ელჩს და საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, საელჩოს დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, კანცლერი ლევან კოპალიანი, არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი მარიამ ბოჭორიშვილი, მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია, იტალიის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელო და კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე.

მათივე ცნობით, პაატა ტურავამ ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტში დანერგილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „მხარეებმა იმსჯელეს KIU-ს ორი ახალი პროგრამის, დიზაინისა და მედიცინის განვითარების შესახებ. ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაწეული საქმიანობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს დელეგაცია KIU-ს დიზაინისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. ელჩმა პირველკურსელებს აკადემიური წლის დაწყება პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წლიდან KIU-ში, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დიზაინის საბაკალავრო პროგრამის და მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამები სტუდენტებს საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები. ქართულ-იტალიური ერთობლივი პროგრამები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დიზაინისა და მედიცინის მიმართულებებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში როგორც ქართველ, ისე იტალიელ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტებს შორის გაცვლით პროგრამებში. გაცვლითი და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისთვისაც. ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წელს, ჰყავს 90.000-ზე მეტი სტუდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.