ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს 

ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და განვითარების სულის ჩამდგმელები, შემქმნელები ამ იდეის, ამ პროექტის ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ფონდი „ქართუსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჩხენკელის შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უდიდესი საჩუქარი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთლიანად ქვეყნისთვის.

„დღეს ჩვენ გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებას. პირველ რიგში, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის და მისი ხედვისთვის, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს გააჟღერა. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, დღეს კი, ჩვენ ვზეიმობთ მსოფლიო მნიშვნელობის უნივერსიტეტის დაფუძნებას. ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და განვითარების სულის ჩამდგმელები, შემქმნელები ამ იდეის, ამ პროექტის ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით. შედეგად საქართველოში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი. ეს არის უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტი არის უნიკალური. ჩხენკელმა პრეზენტაციაზე განმარტა, რაში მდგომარეობს უნიკალურობა.

„უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ ამ თანამშრომლობის ბაზაზე შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩვენი სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითაც მათი თანატოლები სწავლობენ გერმანიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. ძალიან გვიხარია, რომ გაისად 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მისი განმარტებით, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც განსაზღვრავს მაღალ აკადემიურ ხარისხს არის ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან.

„ყოველივე ეს არის გარანტია იმის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანი მსოფლიოს ასპარეზზე. ერთი ძალიან საინტერესო მოდელი, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გახლავთ ის, რომ უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ისე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ონლაინ მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთოთ ქართველი მეცნიერები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, ჩვენი ქართული სამეცნიერო სათვისტომო. ბევრ მათგანს უკვე შევხვდით და მათ უკვე გამოთქვეს მზაობა და სურვილი, ითანამშრომლონ და ლექციები წაიკითხონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც პაციენტების მკურნალობასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად არის დაფინანსებული „ქართუ ფონდის” მიერ. ადრონული თერაპიის ცენტრი ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს მსოფლიოში წამყვან ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან „აიბიეისთან“, რომელიც ცნობილია ციკლოტრონების წარმოებით, ასევე კვლევის მიმართულებით – გერმანიის იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან და პლუს სხვა წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან.

ბოლოსთვის შევინახე ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, მინდა, დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ამჟამად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ვოლვტა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღესვე დაგეგმილია პანელური დისკუსია.

დატოვე კომენტარი