პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა შვიდი დეპუტატი.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი შემცირდა, მომავალში გადაწყვეტილებები საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.

კანონპროექტით, შემცირდა და ყველა ეტაპზე განახევრდა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები. ასევე, გაიზრდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა.

კერძოდ, როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი. კანონპროექტის საფუძველზე გაუქმდა ის აკრძალვაც, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლებოდა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონს აღარ დაემატება მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში. ამ საკითხის გარდა, კორექტირება შეეხო იმ ნაწილსაც, რომელიც საქმეებისგან მოსამართლის ჩამოცილებას ეხებოდა, თუ მოსამართლის მიმართ ორ ან მეტ გადაცდომაზე დისციპლინური დევნა იყო დაწყებული.

ამასთან, კანონპროექტიდან ასევე ამოიღეს ჩანაწერი, რომლითაც მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატებოდა და გადაცდომად ითვლებოდა მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის დარღვევა. ამ ნაწილთან მიმართებაში კანონში აისახება საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის კრიტერიუმი. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება.

დატოვე კომენტარი