კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსის მიუხედავად, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას განეკუთვნებიან.
საგარეო უწყებას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია, მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს ფლობდეს.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით ხარვეზი გამოსწორდა და, 34-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭოს“, – ნათქვამია პროექტში.