პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

ცვლილებები დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება.

მათ შორის, გადაადგილების, შეკრების, ეკონომიკური საქმიანობის, მიგრაციის ა.შ.

ცვლილებების მოქმედების ვადად 15 ივლისი განისაზღვრა და დაზუსტდა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები გულისხმობს დროებითი ღონისძიებების გატარებას.

რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია: ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა, ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის – შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას; საჯარო დაწესებულებების; აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების; საჯარო სამართლის იურიდიული პირების; სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან; საჯარო სერვისების მიწოდებასთან; პირთა მიმოსვლასთან; საკუთრებასთან; შრომასთან; პროფესიონალ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან; უკანონო მიგრაციასთან; საერთაშორისო დაცვასთან, ან სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

პროექტში დაზუსტებულია, რომ ამ მუხლის შესაბამისად უფლების შეზღუდვა უნდა იყოს – საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული; კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული; დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი; ასევე ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

ამასთან, პროექტში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების შესახებ მიღებული უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პრინციპის დაცვით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტში დაკონკრეტებულია, რომ გადაწყვეტილება პირის იზოლაციის ან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს. კერძოდ, უნდა განემარტოს – იზოლაციის ან კარანტინში გადაყვანის საფუძველ, რომ აქვს უფლება ადვოკატზე; აქვს უფლება, სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

პროექტში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა ეცნობოს მის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.