აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებული რკინის ღობის მოხსნას ცდილობენ [ფოტო]
აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებული რკინის ღობის მოხსნას ცდილობენ [ფოტო]

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან განთავსებული რკინის ღობის მოხსნას ცდილობენ. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით მიიღო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან იმყოფებიან.

პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეები რკინის ღობეებს ხელებს და სხვადასხვა საგანს ურტყამენ.

პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“.

უწყების ცნობით, ყველა სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.